მთავარი გვერდი | რა არის ბუღალტერია | ჩვენ შესახებ | ვაკანსიები | საკონტაქტო ინფორმაცია | ბმულები ქართული ენა Русский язык English Language
საბუღალტრო საქმიანობის შესწავლა და პრაქტიკა

დავიწყოთ იქიდან, რა არის ბუღალტერია.
ამ პროფესიას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ზუსტი აღრიცხვის გარეშე წარმოუდგენელია საწარმოს სრულყოფილი მართვა, შეუძლებელია დადებითი ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა. მისი ისტორიის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს საბუღალტრო აღრიცხვის ევოლუცია, თეორიისა და პრაქტიკის მიზანმიმართული სრულყოფა. ცივილიზაციის ადრეულ სტადიებზე ადამიანები მხოლოდ გონებაში ასახავდნენ და ანგარიშობდნენ სამეურნეო მოვლენებისა და პროცესების შედეგებსა და ფაქტებს. დამწერლობისა და მათემატიკის წარმოშობამ და გავრცელებამ შექმნა აღრიცხვის პრაქტიკის გაფართოების ობიექტური წანამძღვრები. შრომის საზოგადოებრივი დანაწილების შედეგად გაჩნდა ახალი სპეციალური პროფესია - ,,მოანგარიშე მუშაკები”. ეგვიპტესა და მესოპოტამიაში შეიქმნა სპეციალური სკოლები, რომლებიც ამზადებდნენ მოანგარიშე მუშაკებს. ,,მათ შეეძლოთ კითხვა, წერა და ჯადოქრობა” (თ. მანი). ისინი აღრიცხვადნენ ინვენტარს, ქონებას, მუშა-ხელს, გასამრჯელოს, ვალებს, ანგარიშობდნენ შედეგებს, ითვლიდნენ ფულს და ა.შ. მარტივი მეთოდებითა და ხერხებით უზრუნველყოფდნენ ნატურალურ და უბრალო ანგარიშწარმოების პროცესს. რაც შეეხება თანამედროვე ბუღალტერიას, მისი ჩანასახები პირველად გამოიკვეთა XIII საუკუნის იტალიაში, როცა გაჩნდა ორმაგი ბუღალტერია ანუ აღრიცხვის მონაცემების ორმაგი ჩაწერის სისტემა. ეს სისტემა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო ისეთი სიდიდეების მიზანმიმართულ აღრიცხვაზე, როგორიცაა კაპიტალი, მოგება, ფული, ვალები, საქონელი, ქონება და სხვა მატერიალური ფასეულობები. ეს იყო აღრიცხვის, კონტროლისა და მართვის ერთიანი მწყობრი სისტემა. ამ სისტემის მთავარ მონაპოვარს წარმოადგენდა ანგარიშთა გეგმა და ეკონომიკური და იურიდიული შინაარსის მიხედვით სამეურნეო ფაქტებისა და შედეგების სარკისებური გააზრება და ადექვატური ასახვა.

ბუღალტერიის პირველი თეორეტიკოსია იტალიელი მეცნიერი და მათემატიკოსი ლუკა პაჩიოლი /Luca Pacioli; Tractatus de computis et scripturis 14451514 წ., რომელიც ბუღალტერიას განიხილავდა როგორც უნივერსალურ მეთოდოლოგიურ მეცნიერებას.

მან დაამკვიდრა ბუღალტერიის ორმაგი ჩანაწერის ძირითადი პრინციპი და ასევე დებეტის, კრედიტის და ბალანსის ცნება. იგი ასევე არის "ღვთაებრივი პროპორციის" შესახებ ტრაქტატის ავტორი.

მისი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე სხვადასხვა დროისა და ეპოქის თეორეტიკოსები და პრაქტიკის მკვლევარები სხვადასხვანაირად ხსნიდნენ ამ მეცნიერების საგანს, მეთოდოლოგიას, მიზნებს, ამოცანებსა და ფუნქციებს.

მეორე საკითხია, რატომ გვჭირდება ბუღალტერი.
ბუღალტერს, როგორც წესი, საქმე აქვს ბიზნესის ციფრებთან, სამეწარმეო, საგადასასახდო და სააღრიცხვო დოკუმენტებში ამ ციფრების დაფიქსირებასთან. ეს ციფრები აღებულია საწარმოში მიმდინარე რეალური გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამეურნეო ოპერაციებიდან, ოფიციალურად დადასტურებული ფაქტებიდან. ესენია: ფულის მოძრაობა სალაროში, ფულის მოძრაობა ბანკში, ინვესტიციების აღრიცხვა, მოთხოვნების აღიარება, საქონლის შეძენა/რეალიზაცია, ძირითადი საშუალბების შეძენა და მათი ცვეთა, ვალდებულებების აღრიცხვა, კაპიტალის გაზრდა/შეფასება, შემოსავლებისა და ხარჯების განაწილება, მოგება-ზარალის გაანგარიშება და სხვ. ამრიგად, ბუღალტრის ფუნქცია სრულიადაც არ არის ფინანსური მენეჯმენტისა და სამეწარმეო-სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა. გარდა ამისა, ბუღალტერი თავის საქმიანობას ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ესაა: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საბაჟო კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული არღიცხვისა და ანგარიშგების შესახებ”. ამიტომ ნებისმიერი მეწარმე-სუბიექტი, რომელიც ერთის მხრივ, არის გადასახადის გადამხდელი და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას წარმოების, ვაჭრობისა და მომსახურების სფროში, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვეულებრივი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით ხელმძღვანელობს თავის საწარმოს და ახორციელებს წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ წარმომადგენლობით ფუნქციებს, ვალდებულია დაიქირაოს პროფესიონალი ბუღალტერი. მეწარმე-სუბიექტი, თავის ბუღალტერთან ერთად, ასევე ვალდებულია გარკვეულწილად გაერკვეს ბუღალტრის პროფესიისა და მუშაობის სპეციფიკაში, მხედველობაში გვაქვს ანგარიშთა გეგმისა და კლასიფიცირებული ანგარიშების შინაარსი, ანგარიშთა მიხედვით თანხების დებეტირებისა და კრედიტირების ობიექტური შერჩევა, საწარმოს ბალანსი, მოგება-ზარალის ზუსტი განსაზღვრა და სხვ. საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა და მოწესრიგება. მაგრამ მეწარმე-სუბიექტი, კიდევ უფრო მეტად, ვალდებულია საკმაოდ მყარად და სიღრმისეულად იცოდეს საგადასახადო წესები და მოთხოვნები, გადასახადის გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები, საგადასახადო ორგანოთა ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები, საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის კანონით დადგენილი ნორმები.

და ბოლოს, როგორი უნდა იყოს ბუღალტერი.
თანამედროვე ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი, აღრიცხვის რიგითი მუშაკი პირველ რიგში, უნდა იყოს პრინციპული, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არ უნდა შეასრულოს ხელმძღვანელის უკანონო მითითება და არ უნდა მიიღოს იგი შესასრულებლად და ამის შესახებ მკაცრად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში წერილობითაც, უნდა განუმარტოს საწარმოს ხელმძღვანელს.
ამავე დროს იგი უნდა იყოს კეთილსინდისიერი, მოწესრიგებული და დაკვირვებული.
ამ თვისებების შერწყმა გვაძლევს ბუღალტრის მუშაობის სანიმუშო სტილს აღრიცხვის საქმეში. ჩვენი ამოცანაა თითოეულ თქვენგანს შეგასწავლოთ ასეთი სტილით მუშაობა.

გისურვებთ წარმატებებს!